სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის დასკვნასთან დაკავშირებით კითხვები აქვს, რომლებიც სახალხო დამცველს მოკლე ვადაში მიეწოდება.ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი მუდმივ მონიტორინგს უწევს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და, საჭიროების შემთხვევაში, ატარებს შესაბამისი პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. როგორც სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პენიტენციური სამსახური სრულად უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი მედიკამენტებით. თუმცა იგი, სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციის მიუხედავად, საკუთარი გადაწყვეტილებით, არ იღებს მისთვის გათვალისწინებული პრეპარატების გარკვეულ ნაწილს. მსჯავრდებული უზრუნველყოფილია სამჯერადი კვებით. დამატებით, მას აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში არსებული ფართო ჩამონათვალიდან კვების ნებისმიერი პროდუქტი. გარდა ამისა, იგი რეგულარულად იღებს ამანათებსაც. შესაბამისად, მსჯავრდებულისთვის სრულად ხელმისაწვდომია საკვების მრავალფეროვანი რაციონი“.
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, შესახლების დღიდან მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდა 788 ვიზიტორი და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ პირს აქვს მისი მონახულების შესაძლებლობა.