შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოსა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის საუბნო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი - 1989 წელს დაბადებული ი.გ. და 1989 წელს დაბადებული ი.ქ. ქუთაისში დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დაჭრილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია, თუმცა ინციდენტის დროს არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.
„ი.გ.-ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება, ხოლო ი.ქ.-ს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.
დანაშაულები 7-დან 15 წლამდე და 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ი.გ.-მ თბილისში, კარლო ჩხეიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ დ.ნ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან - ი.ქ.-სთან ერთად მიიმალა.