პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს, 18.00 საათზე განახლდება. როგორც ზაზა სარალიძემ განაცხადა, ის არ აპირებს აქციების შეწყვეტას მანამ, სანამ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომლებიც ტერიტორიაზე უსაფრთხოებას აკონტროლებენ.
"ნუ მოკლავ" - ამ სლოგანით რუსთაველის გამზირზე, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია რამდენიმე დღე იმართება. მას სტუდენტები და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, მათ შორის 51-ე სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. გუშინდელ აქციაზე შეკრებილებს სიტყვით თემირლან მაჩალიკაშვილის მამამაც მიმართა. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ის იმ დრომდე იდგება მოკლული მოზარდის მამის გვერდით, ვიდრე სისტემა არ დაინგრევა. აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავდნენ ასევე შვილმკვდარი მშობლებიც.
აქტივისტები ასევე, გამოძიებისთვის ხელის შეშლაში მონაწილე პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.პროტესტი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დაიწყო.