თბილისის საქალაქო სასამართლოში, 12 დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული 6 პირის - გიორგი ვაშაძის, ირაკლი კუპრაძის, გიორგი ბუნტურის, ზურაბ კოსტავას, ირაკლი ჯუღელის და ნოდარ ბრეგაძის სასამართლო სხდომა 17 დეკემბრისთვის გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი დაცვის მხარის მიერ სასამართლოს სხდომის გადადების შესახებ დაყენებული შუამდგომლობაა.
დაკავებულების ერთ-ერთი ადვოკატის, კახა კოჟორიძის განცხადებით, საია-ს და სახალხო დამცველს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი აქვთ სარჩელი, სადაც ითხოვენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას იმის გამო, რომ ეს მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და სწორედ ამ მუხლით არიან დაკავებული აღნიშნული პირები.
შეგახსენებთ, 12 დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 16 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან: გიორგი ვაშაძე, გურამ ჩალაგაშვილი, გია თევდორაძე, ბესო გაზდელიანი, გიორგი ბუნტური, ლევან გახელაძე, ირაკლი კუპრაძე.