მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტში დღეს მოხსენებით იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარდგება. საპარლამენტო ტრიბუნიდან მინისტრი ყურადღებას სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და დაგეგმილ პროექტებზე გააკეთებს.უმრავლესობის წევრების განცხადებით, მათ მინისტრთან მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით ექნებათ კითხვები. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი თეა წულუკიანისთვის შეკითხვების დასმას სასამართლო ხელისუფლების რეფორმასა და გახმაურებულ სამართლებრივ საქმეებთან დაკავშირებით აპირებენ. დეპუტატები ასევე დაინტერესდებიან, რა იყო თეა წულუკიანსა და მმართველ გუნდს შორის უთანხმოების მიზეზი, რის გამოც ის იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომით იმუქრებოდა. მიმდინარე კვირას პარლამენტარები კიდევ ორ მინისტრს მოუსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილსა და განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს ელოდებიან. კვირის ბოლოს კი, პარლამენტში სიტყვით პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გამოვა.