პარლამენტში, კომიტეტების ფორმატში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს. საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზესაკუთარი პროგრამა ეკონომიკური პროფილის 4 -მა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს.
დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა უკვე გააცნეს ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა და ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ. ასევე, საკუთარი პროგრამა დეპუტატებს უნდა წარუდგინოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა.
გაერთიანებული კომიტეტის სხდომას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე უძღვება.
დღესვეა დაგეგმილი ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს დავით ზალკალიანს მოუსმენენ.