საქართველოს პარლამენტში დღეიდან ინტერპელაციის წესი ამოქმედდება. ამ ფორმატის ფარგლებში, დეპუტატები პირველად პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუსმენენ. მთავრობის ხელმძღვანელი კანონმდებლებს ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით წარუდგენს.პრემიერ-მინისტრის გარდა, ინტერპელაციის ფარგლებში, დღევანდელ სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილსაც მოუსმენენ.საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრის მისვლა "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოითხოვა, განათლების მინისტრის კი "ევროპულმა საქართველომ".ინტერპელაციის წესი გათვალისწინებულია პარლამენტის ახალი რეგლამენტით, რომლის მიხედვით, პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს, ან ფრაქციას, უფლება აქვს, ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს. შეკითხვა წერილობითი უნდა იყოს და შინაარსი კი კონკრეტული.რეგლამენტის მიხედვით, ადრესატი ვალდებულია, შეკითხვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირადად უპასუხოს.