პარლამენტში ახალი კრიტერიუმებით მოსამართლეთა განახლებულ სიას წარადგენენ. გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის შეხვედრის შემდეგ მიიღეს, რომელთაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის და დამტკიცების მექანიზმები პირისპირ განიხილეს. გაირკვა ისიც, რომ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას უკან არ გაიწვევს, რადგან როგორც ირაკლი კობახიძე განმარტავს, ეს იურიდიულად შეუძლებელია. ამას გარდა, პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ მოსამართლეთა იმ შემადგენლობამ, ვინც პარლამენტში დასამტკიცებლადაა წარდგენილი, უმრავლესობის წევრების მხარდაჭერა ვერ მოიპოვოს და სია ჩავარდეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი კი აცხადებს რომ მათი წარმოდგენილი მოსამართლეობის თითოეული კანდიდატი მზადაა ნებისმიერ შემუშავებულ კრიტერიუმსა და რეგულაციას დაექვემდებაროს. პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია- ჯერ შემუშავდება პროცედურა და კრიტერიუმები, ამის შემდეგ კი წარდგენილი იქნება მოსამართლეთა განახლებული სია.