პარლამენტმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურის კენჭისყრა გადადო. კენჭისყრის გადადების მიზეზი საქართველოს პრეზიდენტის მიერ აღნიშნულ თანამდებობაზე ნარმანიას ნომინირების პროცედურა გახდა. „ევროპული საქართველოს“ წევრის ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ სემეკ-ის წევრების წარდგენის უფლება აქვს. აღნიშნული განცხადების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ 5-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა, შემდეგ კი კენჭისყრის გადადების შესახებ გააკეთა განცხადება. ცნობისთვის, საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტში აღნიშნულია, რომ „საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრობის კანდიდატებს“.