პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა. აღნიშნული დადგენილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს. ამით ნიკანორ მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციიდან პლენარულ სხდომას მხოლოდ ნიკა მელია ესწრებოდა. ოპოზიციის სხვა წევრები ბოიკოტის ნიშნად სხდომას არ დასწრებიან. როგორც „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები აპროტესტებდნენ, რომ პროკურატურის მიმართვას თან არ ახლდა მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც საგამოძიებო უწყება ნიკა მელიას დაპატიმრებაზე ნებართვას ითხოვდა.პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს.