პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით 89 ხმით მიიღეს. პროექტის წინააღმდეგ 31-მა დეპუტატმა მისცა ხმა. კანონპროექტი პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა მოამზადა, ხოლო ინიციატორები არიან: ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.კანონში დაგეგმილი ცვლილებებით რეგულირდება კანდიდატების იუსტიციის საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურა. აღნიშნულ კანონპროექტს ოპოზიცია აპროტესტებს და აცხადებს, რომ კანონპროექტი რეალურად მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის მხარდასაჭერად დაიწერა.