პარლამენტმა ხანგრძლივი განხილვისა და დებატების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო. ორდღიანი მუხლობრივი განხილვა კენჭისყრით 87-მომხრე, 31-წინააღმდეგი დასრულდა. კენჭისყრას წინ უძღვოდა პროცედურული დებატები. ოპოზიციის შეფასებით, მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის რეკონდაციები არ გაითვალისწინა და საკანონმდებლო ცვლილებებს ფორსირებულად იღებს, “რაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით ხდება“. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დარიგებული იყო ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაციის შესაბამისად კორექტირებული ვერსია. კორექტირებულ ვარიანტში აისახა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთათვის საკვალიფიკაციო გამოცდის გაუქმების თაობაზე. ასევე ჩაიწერა, რომ თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, იგი არ სარგებლობს კანდიდატების შეფასებისა და ხმის მიცემის უფლებით პროცედურის არც ერთ ეტაპზე, აგრეთვე არ არის უფლებამოსილი კითხვით მიმართოს კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მათი მოსმენისას არც ერთ ეტაპზე.