პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი განიხილა და მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც 2029 წლიდან აშენებული ყველა შენობა თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების უნდა იყოს, კომიტეტის წევრების აზრით, დამატებით განმარტებებს საჭიროებს. შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონპროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა. პროექტის თანახმად, მომავალი წლიდან სამშენებლო ნებართვების აღება ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატის გარეშე ვეღარ მოხდება. ირმა ქავთარაძის განმარტებით, სერტიფიკატის აღების ვალდებულება არ ექნებათ იმ მესაკუთრეებს, რომლებიც ბინის გაყიდვას ან გაქირავებას არ აპირებენ. იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლიდან შენობა ან შენობის ნაწილი ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირებას არ მოახდენს, მშენებელს ფულადი სანქციები დაეკისრება. ჯარიმის ოდენობა, კანონპროექტის მიხედვით, ფართობის მიხედვით დგინდება და 300-დან 1 500 ლარამდე განისაზღვრება.