პარლამენტმა დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებდა, ჩააგდო.2 თვეზე მეტია, რაც აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი კენჭსაყრელ საკითხთა დღის წესრიგშია და მას პირველი მოსმენით დღეს უყარეს კენჭი. საკანონმდებლო ინიციატივას მხოლოდ 42-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი რაც გასვლისთვის საკმარისი არ არის. კენჭისყრას წინ დებატები უძღოდა. თავდაპირველად განცხადება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გააკეთა, რომელმაც განმარტა, რომ უმრავლესობა პროექტის სულისკვეთებას იზიარებს, მაგრამ მხარს არ უჭერს ნორმას, რომლის მიხედვით, აზარტული თამაშების გარე რეკლამის განთავსება დაწესებულებებიდან 200 მეტრის რადიუსში უნდა აიკრძალოს.