პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" უკვე აქვს შესაძლებლობა, რომ დაიწყოს საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2012 წლიდან ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება დემოკრატიულად და მიმდინარე წელსაც არჩევნები ამ პრინციპის დაცვით ჩატარდება.
თალაკვაძემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ განუმარტა, თუ რა შეთანხმებას მიაღწიეს პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ 8 მარტის შეხვედრაზე. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით არანაირი განსხვავებული ინტერპრეტაციები არ უნდა იყოს, ვინაიდან დოკუმენტები, რომელსაც ყველამ მოაწერა ხელი, საჯაროდ გამოქვეყნდა.
კითხვაზე: არის თუ არა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული რომელიმე ადამიანთან დაკავშირებით, ვისზეც ოპოზიცია აქცენტებს აკეთებს მათ შორის გიგი უულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზე - თალაკვაძე პასუხობს რომ არა. თალაკვაძის განმარტებით, პოლიტიკური პარტიები უბრალოდ შეთანხმდნენ იმაზე, რომ მართლმსაჯულების სისტემა რომელიმე მხარის მიერ არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის და არავინ უნდა შეეცადოს მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენას.