ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, 200-მდე სოციალურ მუშაკს სპეციალური ტრენინგკურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცა. ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ესწრებოდა.
მე-9 მოწვევის პარლამენტმა 2018 წლის ივნისში "სოციალური მუშაობის შესახებ" ახალი კანონი მიიღო. როგორც პარლამენტში აცხადებენ საკანონმდებლო ცვლილებებმა სათავე დაუდო სოციალური მუშაობის სისტემის რეფორმას, განისაზღვრა სოციალური მუშაკების სამართლებრივი სტატუსი, უფლებები, მოვალეობები და სოციალური გარანტიები. ახალი კანონის გაცნობის მიზნით, 2019 წელს სოციალურ მუშაკებს სპეციალური სამართლებრივი ტრენინგ-კურსი ჩაუტარდათ.
შეხვედრაზე ასევე გაიმართა ვიდეო რგოლის პრეზენტაცია, რომელიც სოციალური მუშაკის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით მომზადდა.