პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა განახლდა.
არსებული ინფორმაციით, დეპუტატებმა კანონპროექტს პირველი მოსმენით კენჭი დღეს უნდა უყარონ. ცვლილებებზე მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში მწვავე დებატების ფონზე გუშინ დაიწყო. უმრავლესობის მაჟორიტარი დეპუტატები კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიან, რასაც ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოყვა.
პლენარულ სხდომამდე ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით უმრავლესობის სხდომა გაიმართა, თუმცა როგორც ჩანს მაჟორიტარები აზრის შეცვლას არ აპირებენ და კოლეგების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ.
როგორც, უმრავლესობის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა ყველაზე დიდი ზეწოლა დიმიტრი ხუნდაძეზე განხორციელდა, რადგან ყველაზე მეტად სწორედ ის აქტიურობდა და "მასზე წავიდა მთელი აგრესია".