"ქართული ოცნების" წევრს, ვანო ზარდიაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილებას ოფიციალურად დღეს, პლენარულ სხდომაზე შეუჩერებენ. მეცხრე მოწვევის პარლამენტში ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლე თემურ გოცირიძე იქნება. "ქართული ოცნების" პროპორციულ სიაში მასზე წინ ირაკლი ზარქუაა, თუმცა თბილისის საკრებულოს მოქმედმა დეპუტატმა პარლამენტში გადანაცვლებაზე უარი თქვა.
თემურ გოცირიძე პროფესიით სოციოლოგია და ამჟამად დაკავებულია სამეწარმეო საქმიანობით. ის არის საქართველოს სახალხო დიპლომატიის ცენტრ "პერსონის" პრეზიდენტი, ასევე საქართველოს ბიზნესმენთა და მენეჯერთა ქრისტიანული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ 7 ოქტომბერს განაცხადა. გადაწყვეტილების მიზეზად კი მის წინააღმდეგ მიზანმიმართული ნეგატიური კამპანია დაასახელა.