პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საგარეო პოლიტიკის შესახებ მომზადებული რეზოლუციის პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.14 -პუნქტიანი რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტზე გარკვეული შენიშვნები გამოითქვა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რეზოლუციის ტექსტში ქვეყნების კლასიფიკაცია სწორი არ არის, მან დეპუტატებს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფარგლებში შესთავაზა.
რაც შეეხება შენიშვნებს, რომელსაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციის ტექსტის იმ ნაწილს, სადაც ევროკავშირის ქვეყნებთან კულტურული სფეროს მიმართულებით კავშირების გაღრმავებაზეა საუბარი, დაემატა ასევე სპორტული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირების გაღრმავება.
14 პუნქტისგან შემდგარ რეზოლუციის პროექტში, სადაც ასახულია ქვეყნის ყველა ძირითადი საგარეო პოლიტიკური მიმართულება და პრიორიტეტი, რომელზეც მე-10 მოწვევის პარლამენტი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აპირებს მუშაობას, დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტსაც წარედგინება.
რეზოლუციაში ასახულია ისეთი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, როგორიც არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია, აშშ-თან თანამშრომლობა, ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება, კულტურული და ეკონომიკური დიპლომატია, ხალხთაშორისი კავშირები და დიასპორებთან ურთიერთობა.