პარლამენტი "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტს დღეს მეორე მოსმენით განიხილავს.
კანონპროექტის პირვანდელ ვარიანტში გარკვეული შესწორებები შევიდა, კერძოდ, უმრავლესობის წევრების განცხადებით, სახალხო დამცველის რეკომენდაციების გათვალისწინება მოხდა.
შეგახსენებთ, რომ პროექტი, რომლის მიხედვითაც მთავრობას შეზღუდვების დაწესება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეეძლება, პარლამენტმა გუშინ პირველი მოსმენით, 80 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე გახდა ცნობილი, რომ შემზღუდავი ღონისძიებები, რომელიც კანონპროექტით დგინდება, იქნება დროებითი და გარდამავალ დებულებაში მისი ვადა 15 ივლისამდე ჩაიწერება. დეპუტატებმა საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი სწორედ ამ დათქმით დაუჭირეს.