პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს უყრის კენჭს.
დეპუტატებმა კენჭისყრის გადადებას გუშინდელ სესიაზე დაუჭირეს მხარი.
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტით, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტის პლენარულ სესიაზე 12 ნოემბერს დაიწყო. დღის წესრიგში იყო ორი პროექტი. ერთი მმართველი გუნდის, ხოლო მეორე ოპოზიციის მიერ მომზადებული. ოპოზიციის მიერ მომზადებული პროექტი პარლამენტში ჩავარდა. ოპოზიციის კანონპროექტით გათვალისწინებული იყო არჩევნების ჩატარება სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში, ასევე დაშვებული იყო საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება. 2 დღის განმავლობაში განხილვა ხმაურისა და დებატების ფონზე მიმდინარეობსა. უმრავლესობის კანონპროექტის მხარდაჭერაზე უარს ამბობენ მმართველი გუნდის მაჟორიტარები. ოპოზიციის წარმომადგენლები მიმდინარე პროცესებს სპექტაკლად აფასებენ და აცხადებენ, რომ ქართული ოცნება შეგნებულად ცდილობს კანონპროექტის ჩაგდებას რათა 2020 წელს არჩევნები ისევ მაჟორიტარული სისტემით ჩატარდეს.