პარლამენტის 51 წევრს ბიზნესთან კავშირი აქვს და ფლობს წილს სამეწარმეო სუბიექტებში, - ამის შესახებ ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშში. დოკუმენტი მიუთითებს, რომ პარლამენტარების არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები და მათ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა პრობლემას წარმოადგენს მეცხრე მოწვევის პარლამენტშიც. კერძოდ, პარლამენტის არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები აქვს პარლამენტის 16 წევრს, აქედან 14 დეპუტატი არის უმრავლესობიდან: ლევან ბეჟანიძე, ბიძინა გეგიძე, ლევან კობიაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, კობა ნარჩემაშვილი, გია ჟორჟოლიანი, შოთა ხაბარელი, დიმიტრი ხუნდაძე, ედიშერ თოლორაია, დიმიტრი სამხარაძე, გედევან ფოფხაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, მარიამ ჯაში, სოფიო კილაძე, ხოლო 2 დეპუტატი „საქართველოს პატრიოტებიდან”: ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია. ყველაზე მეტ კომპანიაში ბიზნეს აქტივებს ფლობენ: ქართული ოცნების დეპუტატი ივლიანე წულაია - 31 კომპანიაში, ასევე ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი - 13 კომპანიაში და კვლავ ქართული ოცნების დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი - 13 კომპანიაში.