თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ, პარიზში ლუვრის მუზეუმი გაიხსნა, თუმცა, ვიზიტორებისთვის გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული. კერძოდ, ლუვრში ვიზიტორების შეზღუდული რაოდენობაა დაშვებული. გარდა ამისა, მოქალაქეები ვალდებულები არიან, პირბადეები ატარონ. სოციალური დისტანცირების წესის დაცვის მიზნით კი მუზეუმში, „მონა ლიზას“ წინ ტურისტებისთვის სპეციალური ადგილებია მონიშნული. ახლად გახსნილი ლუვრის მუზეუმის წინ, ტურისტულმა გიდებმა საპროტესტო აქცია გამართეს. გიდები ქვეყნის ხელისუფლებას ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანების დასახმარებლად არასაკმარისი ღონისძიებების განხორციელებაში ადანაშაულებდნენ. ლუვრის მუზეუმი 13 მარტს კორონავირუსის პანდემიის გამო დაიხურა. მუზეუმის დირექტორის, ჟან ლუკ მარტინეზის თქმით, ამ დროიდან მუზეუმმა 40 მილიონი ევროს ოდენობის ზარალი ნახა. მისივე თქმით, მუზეუმს 2018 წელს 10 მილიონზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა, რომლის დაახლოებით სამ მეოთხედს ტურისტები შეადგენდნენ.