პანკისში ორი ჰესის, "სამყურისწყალი 2'-ის და "ხადორი 3"-ის მშენებლობა, რომელიც 2019 წელს იყო დაგეგმილი, ამ დრომდე არ დაწყებულა. აღნიშნული ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას კომპანია "ფერი" გეგმავდა და კომპანიას ორივე ჰესის მშენებლობის ნებართვა აქვს.
"ფერის" გენერალური დირექტორი ლაშა იორდანიშვილის განცხადებთ, ამ ეტაპზე კვლავ გრძელდება მოსახლეობასთან კონსულტაციები, რათა თავიდან იქნას აცილებული ე.წ პატრიოტი გარემოსდამცველების მიერ ადგილობრივების შეცდომაში შეყვანა, რომ ჰესს ბუნებაზე უარყოფითი გავლენა ექნება. მისივე თქმით, ჰესების მშენებლობის დაწყება მხოლოდ კომპანიაზე არაა დამოკიდებული და "ერთიანი კონსენსუსი უნდა იყოს ადგილობრივ მოსახლეობას, სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის".
"ფერის" დირექტორი ჯერ კიდევ გასულ წელს აცხადებდა, რომ 2019 წლის ნოემბერში პანკისში 27 მეგავატიანი ჰესის - "სამყურისწყალი 2"-ის მშენებლობა დაიწყებოდა. ამასთან, 2019 წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში, 5 მეგავატიანი ჰესის "ხადორი - 3"-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა და შედეგად ჰესის მშენებლობის დაწყება გადაიდო.