ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანია საქართველოში. 2019 წელს სექტორის საერთო მოგების მარჟა 30.2%, ხოლო საოპერაციო მოგების მარჟა 20.8% იყო, რაც ბიზნეს სექტორის საშუალო მაჩვენებელს 1.4-ჯერ და 1.7-ჯერ აღემატება. ამის შესახებ, „გალთ ენდ თაგარტის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.
ამასთან, კვლევის თანახმად, პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სექტორის შემოსავლები მხოლოდ 2.1%-ით შემცირდა, რაც სტაბილური საგარეო მოთხოვნის დამსახურება იყო.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, სექტორში ბევრი მოთამაშეა, თუმცა იზრდება მსხვილი კომპანიების წილი ჯამურ შემოსავლებში. სექტორში მოქმედი 625 კომპანიიდან მხოლოდ 7 კომპანიაა მსხვილი ზომის, 37 საშუალო და 581 მცირე. 2020 წელს მთლიანი შემოსავლების დაახლოებით 59% მცირე და საშუალო ზომის კომპანიების მიერ დაგენერირდა.