"რუსთავი 2" - ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ქონებისთვის ყადაღის დადების თაობაზე ია კიწმარიშვილის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, თუ ქიბარ ხალვაშის მიერ სისხლის სამართლის კუთხით ოდესმე თაღლითობა იყო ჩადენილი, აქამდეც უნდა ყოფილიყო კიწმარიშვილის განცხადება გაკეთებული.
პაატა სალიას შეფასებით, ია კიწმარიშვილის ეს განცხადება კონსულტაციის გავლის გარეშეა მომზადებული, ვინაიდან მასში სამოქალაქო დავისთვის შეუსაბამო ტერმინებია გამოყენებული. მისივე თქმით, ქიბარ ხალვაშს არანაირი შეზღუდვა - გაასხვისოს ტელეკომპანიის წილები - არ გააჩნია. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ განცხადებამდე კიწმარიშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის გარკვეული კომუნიკაცია და მოლაპარაკებები იყო, რაც უშედეგოდ დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის მეუღლე, ია კიწმარიშვილი სასამართლოსგან "რუსთავი 2" -ის ქონებაზე ყადაღის დადებას დაჩქარებული წესით ითხოვს.