თანამედროვე ამერიკული კინოჰიტები ხშირად იმეორებენ ძველ, უკვე კლასიკად ქცეულ ფილმებს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რეჟისორები ფანტაზიის ან იდეების სიმცირეს უჩივიან, უბრალოდ წლების წინ მოთხრობილი ისტორიები იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ ჰოლივუდელმა კინომწარმოებლებმა მათი ინტერპრეტირება გადაწყვიტეს და არც შეცდნენ, რადგან ბევრი ე.წ. რიმეიქი, მათ შორის "ოუშენის 11 მეგობარი", ორიგინალზე წარმატებული აღმოჩნდა.
ლუის მაილსტოუნის ამავე სახელწოდების კრიმინალური კომედია, რომელზეც რეჟისორი ოთხ სცენარისტთან ერთად მუშაობდა, საბოლოოდ მაინც დილეტანტურ ნამუშევრად შეფასდა, რადგან მაილსტოუნმა ვერ შეძლო ფილმის ცალკეული ეპიზოდების ერთიან ნამუშევრად შეკვრა და საკმაოდ პრიმიტიული, ოდნავ გაჭიანურებული, ამიტომ, ცოტა მოსაწყენი ფილმი გამოუვიდა, რომელიც მხოლოდ ვარსკვლავების - 1960-იან წლებში პოპულარულ "ვირთხების ხროვად" წოდებულ ჯგუფში გაერთიანებული მსახიობების -ფრენკ სინატრას, დინ მარტინის და სემი დევისი-უმცროსის იმპროვიზირებული თამაშის წყალობით იქცა ეპოქის ჰიტად.
2000-იანი წლების დასაწყისის ამერიკული კინოს გენიოსად წოდებულმა სტივენ სოდერბერგმა კი, პრიმიტიული სიუჟეტი დინამიურ ისტორიად აქცია და მთავარ როლებზე უკვე თანამედროვე ჰოლივუდის ვარსკვლავები ჯორჯ კლუნი, ბრედ პიტი და ჯულია რობერტსი მიიწვია. სხვათა შორის, სოდერბერგის ფილმში მხოლოდ დენი ოუშენმა შეინარჩუნა ორიგინალი წინამორბედის სახელი, დანარჩენებმა კი, სახელებთან ერთად ჩვევები, ხასიათის თავისებურებები და კრიმინალური საქმიანობის სფეროც შეიცვალეს.