ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების შეიარაღებული ძალების მიერ, ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების მცირე ხნით დაკავების საკითხს გამოეხმაურა.
კახიძის თქმით საქართველოს ხელისუფლებას ამ მხრივ სრულიად უპრინციპო პოლიტიკა აქვს. ისინი დასავლეთს არწმუნებენ, რომ თითქოს რაღაც დაალაგეს რუსეთის ფედერაციასთან და მათი პრაგმატული პოლიტიკა შედეგიანია.
კახიძის შეფასებით, საქმე გვაქვს საოკუპაციო რეჟიმის თავხედურ საქციელთან. მისივე თქმით, ეს არის სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელმაც უფრო უნდა გააქტიუროს მუშაობა საერთაშორისო ასპარეზზე.