პარლამენტის 2 კომიტეტის გაერთიანების სხდომაზე დეპუტატების უმრავლესობამ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა. აღნიშნულ საკითზე მომხსენებლები იყვნენ გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე რევაზ ბაღაშვილი და გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ამირან გულუაშვილი. საპროცედურო და იურიდიულმა კომიტეტებმა საკითხს ცალ-ცალკე უყარეს კენჭი. საკითხი დღესვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით შეუჩერდება.
პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, ასევე მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით შეიძლება. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც პარლამენტს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს.