ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული 31 წლის ჯარისკაცის მირზა ჩაჩუას ოჯახი იმერეთის გუბერნატორს უყურადღებობაში ადანაშაულებს. შვილმკვდარი მამის გია ჩაჩუას განცხადებით, ორ კვირაზე მეტია შავლეგო ტაბატაძეს, როგორც გენერალს, შეხვედრას სთხოვს, თუმცა უშედეგოდ. სამხედროს მამა ირწმუნება, რომ მისი შვილი საეჭვო ვითარებაშია გარდაცვლილი, თავდაცვის სამინისტროს კი საქმის ობიექტური გამოძიება არ სურს. მირზა ჩაჩუას ოჯახი დახმარებას ახლა უკვე პრემიერ-მინისტრს სთხოვს. შეგახსენებთ, 31 წლის მირზა ჩაჩუა, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტის მკვიდრია, მიმდინარე წლის 9 ივლისს ახალციხის პოლიგონზე გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზი ალკოჰოლი გახდა. გარდაცვლილის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა. მათი თქმით, მირზა ჩაჩუა, რომელიც ჯარში 11 წლის განმავლობაში მსახურობდა, ალკოჰოლურ სასმელს არ სვამდა.