სინგაპურში ნანიანგის ტექნიკურ უნივერსიტეტში, მეცნიერებმა შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომლის შედეგადაც ორ რობოტს დამოუკიდებლად და ერთმანეთის დახმარებით 3დ პრინტერით ბეტონის სტრუქტურის შექმნა შეუძლია. აღნიშნული მეთოდით სამომავლოდ შესაძლებელი იქნება დიდი ზომის კონსტრუქციების აშენება. რობოტები იყენებენ სპეციალური შემადგენლობის ცემენტის სტრუქტურას 3დ პრინტერისთვის. ახალი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა შეიქმნას უნიკალური დიზაინის ბეტონები, რომლის შექმნაც ამდრომდე არსებული ტრადიციული მეთოდით შეუძლებელი იყო. ბეტონის კონსტრუქციების შექმნა რობოტების დახმარებით ასევე შესაძლებელია გაცილებით უფრო მოკლე დროში, ვიდრე ამდრომდე. რობოტები 3დ პრინტერით 1,86X0,46X0,13 მეტრის გაბარიტების მქონე ბეტონს რვა წუთში ამზადებენ. მსგავსი რობოტების შექმნა საკმაოდ დიდ გამოწვევას წარმოადგენდა მკვლევარებისთვის, ვინაიდან ორ რობოტს ერთმანეთისთვის მუშაობის პროცესში ხელი არ უნდა შეეშალა და ერთმანეთს არ უნდა დაჯახებოდნენ. თუმცა, სპეციალური ალგორითმის შედეგად, მეცნიერებმა უზრუნველყვეს რობოტების შეთანხმებულად მუშაობა. 3D ტიპოგრაფიის ცენტრის დირექტორი ჩუ ჩი კაი აღიშნავს, რომ თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიები კიდევ უფრო დაიხვეწება, თუ ამ პროცესში რობოტიკას, ხელოვნურ ინტელექტსა და ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტურ სამშენებლო ტექნიკებს გამოიყენებენ. მისი თქმით, სინგაპურის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ შექმნილი ახალი ტექნოლოგია გვაძლევს საბაბს ვიფიქროთ, რომ თუ უფრო კრეატიულები ვიქნებით ტექნოლოგიების განვითარების პროცესში, ტრადიციული სამშენებლო მეთოდები კიდევ უფრო დაიხვეწება.