"ლეიბორისტული" პარტიის ოფისში ოპოზიციის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
როგორც ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, ისინი "ქართულ ოცნებას" არ მისცემენ საშუალებას, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალოს. მათი თქმით, მიუხედავად იმისა ღარიბაშვილი დაესწრება თუ არა შეხვედრებს, მოლაპარაკებები მაინც გაგრძელდება.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების პროცესში ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა კრიზისს ვერ განმუხტავს და მოლაპარაკებების შედეგს დააზიანებს, თუმცა, გავრცელებული ჩანაწერების მიუხედავად, ოპოზიცია მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მზად არის.
ხატია დეკანოიძის თქმით კი, მთავარ თემად კვლავ რჩება ნიკა მელიასა და გიორგი რურუას ციხიდან გამოშვების საკითხი და ვადამდელი არჩევნები. მისივე თქმით, შეხვედრაზე მომავალ გეგმებსა და 20 მარტს დაანონსებულ აქციაზეც ისაუბრეს და აღნიშნა, რომ თუ მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო, 20 მარტს მასშტაბური აქცია გაიმართება.