ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ უმრავლესობას მათთვის უფლებამოსილება ჯერ კიდევ თვენახევრის წინ უნდა შეეწყვიტა, თუმცა, მათი შეფასებით, ხელისუფლება ცდილობს ერთპარტიულ პარლამენტში ვინმე შეიტყუოს.
როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ პარლამენტი მცირე ლეგიტიმაციის ხარისხსაც დაკარგავს და იქნება მხოლოდ ერთპარტიული. ამასთან, ქართულ ოცნებაზე მეტი წნეხი გაჩნდება, რადგან სწორედ მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ქვეყნის ამ მდგომარეობამდე მიყვანაზე. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, მათი მოთხოვნა უცვლელია და ეს არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
2 თებერვალს პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭს უყრის.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, თუ ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის გადაწყვეტილებით უფლებამოსილება შეუწყდებათ, მოლაპარაკებების შინაარსში ეს მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს.