ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები რეგიონებში გასვლით შეხვედრებს იწყებენ. 15 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით პირველი შეხვედრა დღეს, 15 აპრილს კახეთში შედგება.
დილიდან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და თელავისკენ გაემართნენ. დაგეგმილია შეხვედრები, როგორც თელავში ასევე, მუნიციპალიტეტის სოფლებში.
ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, 15 მაისის აქცია მოქალაქეებისთვის იქნება შესაძლებლობა, საკუთარი ბრაზი და პროტესტი გამოხატოს. მისივე თქმით, 15 მაისი უმნიშვნელოვანესი თარიღი იქნება.
როგორც უგულავამ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდებიან და ამომრჩევლებს მოუსმენენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ლიდერები ხალხს ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით მიაწვდიან ინფორმაციას.მისი თქმით, 15 მაისი, როდესაც ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია უნდა გაიმართოს, ერთად დგომის მაგალითი იქნება.