აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების აქცია გრძელდება. ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით ისინი პროტესტო აქციას 24-საათიან რეჟიმში მართავენ.
როგორც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, დღეს აჭარის მთავრობის სახლთან სავაჭრო ჯიხურებს განათავსებენ იმისათვის, რომ მოქალაქეებმა ივაჭრონ და საკუთარი პროდუქცია გაყიდონ.
მათივე ინფორმაციით, პანდემიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს ე.წ. „თავისუფლების კვარტალში“ ეპატიჟებიან, რომელიც აჭარის მთავრობის სახლთან არის მოწყობილი.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მოქალაქეები მთავრობის გადაწყვეტილების გამო უმუშევრად დარჩნენ.
აღსანიშნავია, რომ გუშინ აჭარის მთავრობის სახლთან, აქციის პარალელურად ოპოზიციის წევრებმა სწრაფი კვების კონტეინერიც განათავსეს.31 ოქტომბრის შემდეგ ადგილზე კარვებია გაშლილი.