ოპოზიციის სტატუსით პარლამენტში შესული დეპუტატებისთვის რეგლამენტი იცვლება - Palitra News

ოპოზიციის სტატუსით პარლამენტში შესული დეპუტატებისთვის რეგლამენტი იცვლება

2021-01-24 13:58:48+04:00

ოპოზიციის სტატუსით პარლამენტში შესული დეპუტატებისთვის რეგლამენტში ცვლილებების შეტანა იგეგმება. მომზადებულია საკანონმდებლო პროექტი, რომელიც ოპოზიციონერი წევრების კომიტეტებში თავმჯდომარის მოადგილეებად და სპიკერატში, ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე არჩევას ეხება.

საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს, სავარაუდოდ, 25 იანვარს დაგეგმილ სხდომაზე წარედგინება. ფრაქციის ფორმირების წესში ცვლილებები არ იგეგმება და საპარლამენტო ფრაქციის შექმნას კვლავ არანაკლებ 7-კაციანი შემადგენლობა დასჭირდება.

პარლამენტის მოქმედი რეგლამენტის თანახმად, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების, ასევე ვიცე-სპიკერების წარდგენის უფლებამოსილება ფრაქციებს აქვს, რომელთა ფორმირებას სულ მცირე შვიდი წევრი სჭირდება.

საპარლამენტო ოპოზიციის სტატუსი მეათე მოწვევის პარლამენტში “პატრიოტთა სიით“ შესულ ოთხ დეპუტატს აქვს, რომლებმაც სადეპუტატო მანდატების აღების შემდეგ პარტია “ევროპელი სოციალისტები“ შექმნეს.

საკანონმდებლო ორგანოში შესვლას გეგმავენ პარტია “მოქალაქეების“ წარმომადგენლები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი.