ხელისუფლების მიერ რამდენიმე პოლიტიკურ პარტიასთან მიღწეული მოსალოდნელი შეთანხმება, ერთჯერადად საარჩევნო ბარიერის დაწევასა თუ ბუნებრივი ბარიერის შემოღებასთან, ისევე როგორც საარჩევნო ბლოკების შენარჩუნებასთან დაკავშირებით, არ იქნება რეალური საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონსენსუსი, - ამის შესახებ ნათქვამია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების განცხადებაში საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში კონსენსუსის მიღწევასთან დაკავშირებით. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ხელისუფლება უპირობოდ უნდა დაუბრუნდეს მის მიერვე შემოთავაზებულ თავდაპირველ პოლიტიკურ მოცემულობას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება. რაც შეეხება პროპორციული საარჩევნო სისტემის სხვადასხვა კომპონენტებთან დაკავშირებით კონსესუსის მიღწევას, ოპოზიციური პარტიები მზადყოფნას გამოთქვამენ, ამ მიზნით "ქართულ ოცნებასთან" დიალოგის დაიწყონ.