ოპოზიცია „ლელოს“ ოფისში მორიგ შეხვედრას მართავს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრების პარალელურად, ოპოზიცის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა განიხილეს.
უდუმაშვილის თქმით, მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრებისას ოპოზიცია გააფორმებს დეკლარაციას, ამასთან, დეპუტატები, რომლებიც ცესკო-ს მონაცემებით შესულები არიან პარლამენტში, მანდატების დატოვების შესახებ განცხადებას დაწერენ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განმარტებით კი, გაიმართება თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ეს ხელისუფლების „გონივრულ წინადადებაზეა“ დამოკიდებული. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, შეხვედრა შეხვედრისთვის არ უნდა გაიმართოს.
მისი აზრით, ერთპარტიული პარლამენტი დიდხანს ვერ გაძლებს და ქვეყანაში მაინც რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება.