ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სტიქიის სალიკვიდაციოდ პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს. შტაბს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე ლევან ქვათაძე ხელმძღვანელობს. ისინი სტიქიის სალიკვიდაციოდ შემდგომ სამოქმედო გეგმებზე მსჯელობენ. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკა. რაჭაში სამაშველო ღონისძიებები დილიდან განახლდა.
ამ დროისთვის სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები იმ სოფლების მომართულებით ასრულებს რეისს, საიდანაც სტიქიის შედეგად გამოწვეული პრობლემების გამო ჩარჩენილი მოქალაქეები გამოსვლას ვერ ახერხებენ. გუშინ დღის განმავლობაში 4 რეისი შესრულდა, ვერტმფრენის მეშვეობით სტიქიის ზონიდან 100-მდე ადამიანი გამოიყვანეს.
შეგახსენებთ, რიომ ძლიერი წვიმის შედეგად ონის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ადიდებულმა რიონმა ათამდე ხიდი წაიღო, ასევე დაზიანებულია საავტომობილო გზა.