2020-წელს სათამაშო ბიზნესის მიერ ბიუჯეტში შეტანილი მოსაკრებლის მოცულობა 6,6-ჯერ შემცირდა, თუმცა, ონლაინ-კაზინოებიდან გაიზარდა. მიუხედავად, კორონავირუსის პანდემიის მიერ გაჩერებული ბიზნესისა, 2020 იანვარ-დეკემბერში ბიუჯეტში სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობებიდან წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 50 ათასი ლარით მეტი შევიდა.
როგორც საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე) ვკითხულობთ, სათამაშო ბიზნესმა ბიუჯეტში მოსაკრებლის სახით გასული წლის იანვარ-დეკემბერში 19 მილიონ 261 ათას 560 ლარი შეიტანა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 128 მილიონ 401 ათას 198 ლარი.
რაც შეეხება სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობებს, 2020 წელს ბიუჯეტში 12 მილიონ 461 ათას 335 ლარი შევიდა, სათამაშო აპარატებიდან - 584 ათას 439 ლარი, წამახალისებელი გათამაშებიდან - 5 მილიონ 769 ათას 555 ლარი; სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესიდან - 446 ათას 215 ლარი, კლუბის მაგიდიდან - 58 ათას 24 ლარი, სხვა დანარჩენი არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესიდან - 25 ათას 687 ლარი.