სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშებში შესაძლოა, აქამდე რეგისტრირებული ყველა მომხმარებლის ანგარიში გაუქმდეს. შესაბამისად, მოქალაქეებს ონლაინ აზარტულ თამაშებში ხელახალი რეგისტრაცია დასჭირდებათ.
ამის შესახებ, "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილია.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ამის მიზანი მსგავსი ტიპის თამაშებში არასრულწლოვანთა ჩართულობის დაცვა და გამორიცხვაა.
ამასთან, პროექტის მიხედვით, კანონის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 1-ლი სექტემბერი, რადგან აღნიშნული ვადა სრულად საკმარისია ბიზნეს ოპერატორებისთვის, რათა მათ დროულად მოახდინონ ცვლილებებთან თავიანთი საქმიანობის მისადაგება.