ომი გრძელდება - რა ხდება უკრაინაში? - Palitra News

ომი გრძელდება - რა ხდება უკრაინაში?

2022-02-25 09:16:21+04:00

ომი გრძელდება. განგაშის სიგნალის პარალელურად, აფეთქებების ხმა ამჯერად უკრაინის დედაქალაქში ისმის. კიევში რუსული საფრენი აპარატის ჩამოგდების შემდეგ 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო ჯგუფები და მაშველები მუშაობენ.

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე სასაზღვრო ქვედანაყოფის წინააღმდეგ დღეს დილით სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. თავდასხმის შედეგად მესაზღვრეებს შორის არიან დაღუპულები და დაჭრილები. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის პირველ დღეს უკრაინაში სულ მცირე 137 ადამიანი დაიღუპა.

ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას საყოველთაო მობილიზაციის შესახებ. განკარგულების თანახმად, მობილიზაცია განხორციელდება დადგენილების ძალაში შესვლიდან 90 დღის ვადაში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. დადგენილება სამხედრო ფორმირებების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად რეზერვისტებისა და წვევამდელების გამოძახებას ითვალისწინებს. უკრაინაში 18-დან 60 წლამდე მამაკაცებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ.