სახალხო დამცველის ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე იკვეთება, რომ სახეზეა სამოხელეო დანაშაულის ერთ-ერთი ან ორივე შემადგენლობა.ნინო ლომჯარიას თქმით, სახელმწიფომ, აუცილებელია ადეკვატური ნაბიჯები გადადგას საიმისოდ, რომ გამოავლინოს და შესაბამისად დასაჯოს ყველა ის პირი, რომელთა მიზანმიმართულმა და შეთანხმებულმა ან გაუფრთხილებელმა ქმედებებმა საბოლოოდ გამოიწვია სიცოცხლის უფლების დარღვევა. მისივე განმარტებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ჩამდენ დამნაშავეთა გამოვლენა სახელმწიფოს მიერ გონივრულად გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვლება, რამდენადაც ამგვარ პასუხისმგებლობას არაეფექტიანი გამოძიების შემდგომი შემთხვევებისთვის პრევენციული გავლენა ექნება.