სახალხო დამცველი ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, შექმნილი ძალიან მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საპროტესტო აქციების ორგანიზების პროცესში უზრუნველყონ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი ყველა წესის და შეზღუდვის განუხრელად დაცვა.
ომბუდსმენი მთავრობასაც მოუწოდებს, ქვეყანაში კოვიდ 19-ით დაინფიცირების ტემპის შენელების მიზნით, უზრუნველყოს დადგენილი ყველა პრევენციული ღონისძიების ეფექტური აღსრულება. განცხადებაში ასევე აღნიშნულია რომ ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან ერთად საქართველოში დგას კვალიფციური სამედიცინო პერსონალის სიმცირის საკითხი, რაც სერიოზული ბარიერია მიმდინარე კრიზისი მართვის პროცესში.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები სამედიცინო სექტორზე გაზრდილი დატვირთვის რაციონალური გადანაწილებისა და შემცირებისათვის, რათა სამედიცინო პერსონალს მიეცეს შესაძლებლობა ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება გაუწიოს, როგორც დაინფიცირებულ პაციენტებს, ასევე სხვა მოწყვლად ჯგუფებს.
ომბუდსმენი ასევე მიმართავს საარჩევნო ადმინისტრაციებს, პროცედურების დაცვით, დროულად განიხილონ არჩევნებთან დაკავშირებული დასაბუთებული საჩივრები და უზრუნველყონ სადაო საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს საარჩევნო ადმინისტრაციების გარეთ მიმდინარე მწვავე საპროტესტო აქციებს და შესაბამისად მოსახლეობის მობილობას.