ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ახალგორის მცხოვრებლებს, რომელთაც სასწრაფო და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ, "რაზდახანის" საგუშაგოს გავლით შეუძლიათ გადავიდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. ოსური მედია, დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან მედიის ინფორმაციით ახალგორიდან პენსიონერებისთვის, რომელთაც არ აქვთ ე.წ. "სამხრეთ ოსეთის და/ან რუსეთის მოქალაქეობა და პენსიას მხოლოდ საქართველოდან იღებენ", სპეციალური პირობები შეიქმნება.