ნატო-ს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის განცხადებებმა რიტუალური ხასიათი მიიღო, - ასე გამოეხმაურა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო უწყება ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებას, რომელშიც მან რუსეთს მოუწოდა უკან წაიღოს აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. "ნატო-ს კონსოლიდირებული პოზიცია სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში კარგად ცნობილია და ამგვარმა მოწოდებებმა, რომელსაც თან ახლავს საქართველოს მხარდაჭერის შესახებ განცხადებები, რიტუალის ხასიათი მიიღო" - აღნიშნეს დე ფაქტო უწყებაში.ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე აღნიშნავენ, რომ "სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების დამყარება საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად მოხდა"