ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსი კიდევ 5 მაცხოვრებელს დაუდასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 22-მდე გაიზარდა. დე ფაქტო რეჟიმის სანიტარული სამსახურის ინფორმაციით, ყველა დაავადებული ინფექციურ განყოფილებაში იზოლაციაში იმყოფება და მათი მდგომარეობა სტაბილურია.
დაავადებულთაგან 14 რუსეთის უნივერსიტეტების სტუდენტი, ერთი სამხედრო მოსამსახურე, დანარჩენი 7 კი სამოქალაქო პირია. ამჟამად კარანტინშია გადაყვანილი 500-მდე ადამიანი.
მანამდე დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც კორონავირუსის ეპიდემიის გამო ოკუპირებულ რეგიონში 12-დან 28 მაისამდე პერიოდი არასამუშაოდ გამოცხადდა. დე ფაქტო რეჟიმმა 31 მაისამდე გაახანგრძლივა შეზღუდვებიც.
დახურული რჩება ბავშვთა გასართობი ცენტრები, ატრაქციონები, კაფეები, რესტორნები, აუზები, სპორტდარბაზები და კომპიუტერული კლუბები. 31 მაისამდე სკოლებში სწავლება დისტანციურად მიმდინარეობს. გარდა ამისა, დე ფაქტო ხელისუფლებამ, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, 10 მაისიდან 31 მაისამდე ე.წ. საზღვარი რუსეთთან სრულად ჩაკეტა.