ოქტომბერში ევროპის მასშტაბით ახალი ავტომობილების გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით არის გაზრდილი. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ოქტომბერში გაყიდვებმა მილიონ 210 ათასი ერთეული შეადგინა.
რაც შეეხება ბრენდების მიხედვით გაყიდვებს, მაჩვენებელი ყველაზე მეტად გაეზარდა Volkswagen Group-ში შემავალ ბრენდებს, რომლებზეც ჯამურად მოთხოვნა 31%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება ფრანგულ კონგლომერატს PSA Group-ს, მისი გაყიდვები - 4,9%-ით შემცირდა, მეორე ფრანგულ კონცერნში Renault Group-ში კი 13%-იანი ზრდა დაფიქსირდა, მცირე, მაგრამ მაინც 2,5%-იანი ზრდა აქვს იტალიურ-ამერიკულ კონგლომერატს Fiat Chrysler Automobiles-ს, Ford Motor-ის გაყიდვები კი უცვლელი დარჩა. ამასთან, BMW ბრენდის გაყიდვები 6%-ით, ხოლო Mercedes-Benz-ის 2%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება აზიელ მწარმოებლებს, Hyundai-ს გაყიდვები 13%-ით, Toyota-ს - 9,4%-ით, Kia-ს - 1,3%-ით, ხოლო Nissan-ის - 0,6%-ით არის გაზრდილი.
საერთო ჯამში ოქტომბრის გაყიდვების მაჩვენებელი ბოლო 10 წლიან მაქსიმუმზეა. 2019 წლის პირველი 10 თვის მონაცემებით კი ევროპაში ახალი ავტომობილების გაყიდვები 0,7%-ით, 13 მილიონ 300 ათასამდე არის გაზრდილი.