ოქროს ლომისებრი ტამარინი (ოქროს ლომის მარმოსეტი, როზალია) - საოცარი ცხოველი ბრჭყალებიანი მაიმუნების ოჯახიდან, რომლის პოპულაცია მხოლოდ 3 500 ინდივიდს შეადგენს, მეტად სავალალო მდგომარეობაში და პრაქტიკულად გადაშენების ზღვარზეა, რაც ერთის მხრივ, სამხრეთ ამერიკის და ატლანტის ოკეანის სანაპიროს ტექნოლოგიურმა პროგრესმა, ძვირფასი მინერალების მოპოვებამ და ტროპიკული ტყეების გაჩეხამ, მეორეს მხრივ, ცხოველზე უკანონოდ ნადირობამ და მონათესავე ჯიშებთან სელექციამ განაპირობა.
ტამარინის სრულად გადაშენების საფრთხემ ზოოლოგებს მისი გადარჩენის სპეციალური პროგრამის შემუშავება და დაცულ ნაკრძალებში დაბინავებული ცხოველების განსაკუთრებულ კატალოგში - ე.წ. სანაშენო წიგნში შეტანა აიძულა, რომელშიც თითოეული ინდივიდის წარმომავლობა და ცხოვრების ყველა ეტაპია აღნუსხული. არ ჩამორჩა მეცნიერებს არც ბრაზილიის მთავრობა, რომელმაც ლომისებრი ტამარინის სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადებით და მასზე ნადირობის აკრძალვით, საკუთარ თავზე აიღო იშვიათი ცხოველის შენარჩუნება და ბუნებრივი გამრავლება.