„ლოლაძეების ფერმა“ კახეთში, კერძოდ, ლაგოდეხში ახალი ეგზოტიკური პროდუქტების - ოკრასა და პეპინოს წარმოებას გეგმავს.
როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლაშა ლოლაძე განმარტავს, ოკრა წიწაკის მსგავსი ბოსტნეულია, რომელიც დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. ამასთან, წვავს ცხიმებს და ამცირებს ქოლესტერინის დონეს.
რაც შეეხება პეპინოს, ის ნესვისა და ბადრიჯნის ნაჯვარს წააგავს და იმ ტოპ-20 საუკეთესო ხილში შედის, რომელიც მსოფლიოს ყველა პრესტიჟულ სუპერმარკეტშია წარმოდგენილი.
როგორც ლოლაძე აცხადებს, პროდუქტის წარმოება მომხმარებლის ინტერესიდან გამომდინარე გადაწყდა, ნედლეულის იმპორტი კი შეერთებული შტატებიდან განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ პეპინო და ოკრა არ იქნება პირველი ეგზოტიკური პროდუქტები, რომელსაც „ლოლაძეების ფერმა“ მოიყვანს. ეს არის მამისა და ორი შვილის ბიზნესი, რომლებიც მინი კივსა და კივანოს უკვე აწარმოებენ.